თავდასხმა ბანკზე

ქუთაისში, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა, საჭირო პროცედურებს ვატარებთ – შსს

TV პირველი/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

"პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს" - აცხადებს შსს.

ამასთან, რუსთავი ორის დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იყო და ისინი ამ დრომდე შენობაში არიან.

კომენტარები