რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ სანქციები 3 ირანულ სატვირთო თვითმფრინავს დაუწესა, რომლებსაც რუსეთში ტვირთი გადაჰქონდათ

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა სანქციები დამატებით სამ ირანულ სატვირთო თვითმფრინავს დაუწესა, რომლებსაც სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში აკრძალული პროდუქცია, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობები გადაჰქონდათ. ამჟამად აშშ-ს ექსპორტის კონტროლის დარღვევისთვის სანქცირებულთა სიაში სულ 183 თვითმფრინავი ჰყავს შეყვანილი.

ვაჭრობის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ბოინგ-747-ები სამ ირანულ კომპანიას, Mahan Air, Qeshm Fars Air-სა და Iran Air-ს ეკუთვნით. დეპარტამენტის მტკიცებით, ეს იდენტიფიცირებული პირველი სამი თვითმფრინავია. 

გარდა ამისა, ვაჭრობის დეპარტამენტი კომპანიებს აფრთხილებს, რომ თვითმფრინავების ავზის საწვავით შევსება, ტექნიკური მომსახურეობა, შეკეთება, სათადარიგო ნაწილების გამოცვლა თუ სხვა არღვევს აშშ-ს ექსპორტის კონტროლსა და გამოიწვევს შესაბამის სააღსრულებო მოქმედებას. 

"ირანმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი განზრახვა, გააფართოოს რუსეთთან თანამშრომლობა საავიაციო სექტორში თავისი თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდებით". - ნათქვამია აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში. 

ექსპორტის აღსრულების საკითხებში ვაჭრობის მდივნის მოადგილემ, მეთიუ აქსელროდმა თქვა, რომ აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებამ ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ელექტრონული მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა მნიშვნელოვნად დაასუსტა. 

"როდესაც რუსეთი ირანის მსგავსი სახელმწიფოების ჩართვას სანქციებისგან შექმნილი დეფიციტის შესავსებად ცდილობს, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს მსგავსი კავშირების ჩასაშლელად". - თქვა აქსელროდმა. 

კომენტარები