რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლინტონი: რუსეთს არამხოლოდ NATO-სთან პარტნიორობის გაღრმავება, არამედ წევრობა შევთავაზე

აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მან ელცინს NATO-სთან არამხოლოდ პარტნიორობის გაღრმავება, არამედ საბოლოოდ ბლოკის წევრობა შესთავაზა. 

ასევე, კლინტონმა უარყო მოსაზრება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა NATO-ს გაფართოებამ გამოიწვია, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ამის საპირისპიროდ, ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, NATO-ს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების გარეშე კრიზისი შესაძლოა უფრო სწრაფად დაწყებულიყო. ასევე, კლინტონის თქმით, ვლადიმირ პუტინს არასდროს დაუმალავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედია იყო. 

"რუსეთს არამხოლოდ NATO-სთან პარტნიორობის გაღრმავება, არამედ საბოლოოდ გაწევრიანება შევთავაზე იმის მტკიცებით, რომ მომავალში ყველაზე დიდი უსაფრთხოების პრობლემები არასახელმწიფო აქტორებისგან ან ავტორიტარული რეჟიმებისგან წამოვიდოდა, რომლებიც ტერორისტულ ჯგუფებს ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ იარაღს აწვდიან. ჩვენ ამის ბევრი მაგალითი ვნახეთ და მაშინ ელცინს ვუთხარი, რომ ეს პრობლემა ერთად უნდა მოგვეგვარებინა. მე მას ვკითხე - მართლა გჯერათ, რომ პოლონეთის ავიაბაზას რუსეთის დასაბომბად გამოვიყენებთ? რაზეც მან თქვა: არა, მაგრამ რუსეთის ევროპულ ნაწილში ბევრ მოხუც ქალს სჯერა ამის, რადგან მათი ისტორიული მეხსიერება ჰიტლერის მოგონებებს მოიცავს, ხოლო მათი ბებია-ბაბუების - ნაპოლეონის. 

საპასუხოდ ვუთხარი: დასავლეთის ისტორიული მეხსიერება რუსეთის უდიდეს დღეებს, ივანე მრისხანისა და პეტრე დიდის პერიოდებს მოიცავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ იმ დროს, როდესაც რუსეთი მეზობლებს აკონტროლებდა, ხოლო ადამიანებს აღარ სურთ, რომ აკონტროლებდნენ, მათ სურთ თავისუფლება, რათა თავად დასახონ საკუთარი ქვეყნის კურსი". - თქვა კლინტონმა BBC-სთან ინტერვიუში. 

კომენტარები