საქართველო-ევროკავშირი

შოლცი: კანდიდატის სტატუსისთვის დასახელებულია 12 კრიტერიუმი, რომელსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს

ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი

"ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის".- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ექნება მხარდაჭერა, რათა სამართლებრივ-პოლიტიკური ღონისძიებები გატარდეს. 

"ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, ვინც არის კანდიდატი, იმ ქვეყნის საქმეა, რომ შეასრულოს კრიტერიუმები. მაგრამ, ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნას განხორციელებული. გარდა ამისა, ეკონომიკური პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება.  სამომავლო განვითარებისთვის კიდევ ბევრი სხვა სფერო არსებობს – ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი".- თქვა მან. 

კითხვაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა გარანტია საქართველოს, რომ გერმანია მხარს დაუჭერს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შოლცმა თქვა, ევროკავშირის მიერ დასახელებულ 12 პუნქტს ქვეყანამ უნდა მიაღწიოს.

"ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უკვე მიიღო და ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა. 12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის უკვე ის, რაც თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას. თუკი ეს პირობები შესრულდება, რომლებიც აუცილებელია – დემოკრატიული, სუვერენული ქვეყნების სამართლებრივი სახელმწიფოსა და სოციალური, საბაზრო ეკონომიკების წრეში შესვლა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას შეუძლია და გერმანია საქართველოს დაეხმარება ამაში"- ამბობს შოლცი. 

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია- საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები მჭიდროა და ბევრს სფეროს მოიცავს. 

"თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის საბჭოში ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ წელიწადს მივცეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მინდა, საქართველო გავამხნევო, ამისათვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები ამ გზაზე გახლავთ მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, დაგარწმუნოთ, რომ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება".- ამბობს შოლცი. 

კომენტარები