გაუპატიურება

15-წლიანი პატიმრობა "ცოლად შერთვის მიზნით" არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის – განაჩენი

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა  გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რამდენიმე თვით ადრე წინა ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული გაამართლა და მხოლოდ ჯგუფურად ჩადენილი გატაცებისთვის მიუსაჯა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული გააუპატიურა.   

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა,  სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი გაუპატიურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები