რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში ომმა პრესტიჟული რუსული ქვედანაყოფი სერიოზულად დაასუსტა

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე, 2022 წლის 20 ივლისი.
ANATOLII STEPANOV/AFP VIA GETTY IMAGES

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხარკოვის ოლქიდან გაყვანილი ქვედანაყოფები პირველი სატანკო არმიის შემადგენლობაში შედიოდნენ, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს ექვემდებარება.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზევე გვარდიის პირველმა სატანკო არმიამ მძიმე დანაკარგი განიცადა და ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის კონტრშეტევამდე ძალების სრულად აღდგენა ვერ შეძლო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილის, პირველი სატანკო არმიის დანიშნულება მოსკოვის დაცვა და NATO-თან ომის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევაა.

ანგარიშის მიხედვით, პირველი სატანკო არმიისა და დასავლეთის სამხედრო ოლქის სხვა ფორმირებების სერიოზულად დეგრადირებამ ქვედანაყოფები მნიშვნელოვნად დაასუსტა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები