სქესობრივი ძალადობა

ბრალი წარუდგინეს 63 წლის კაცს, რომელმაც 12 წლის გოგოს გაუპატიურება სცადა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 6 სექტემბერს, "ბრალდებული 12 წლის დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვნის გაუპატიურებას შეეცადა". 

გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. 8 სექტემბერს დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დააკავა" - აცხადებს შსს.

ნ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით  (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები