რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინის სამხედრო ძალები იზიუმის ჩრდილოეთით 50 კილომეტრით დაწინაურდნენ

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალები იზიუმის ჩრდილოეთით, რუსეთის თავდაცვითი პოზიციებისკენ 50 კილომეტრით დაწინაურდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს.

ანგარიშის მიხედვით, მომდევნო 72 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, კუპიანსკს დაიბრუნებენ, რაც იზიუმთან რუსეთის სახმელეთო კომუნიკაციების ხაზებს შეზღუდავს.

ამასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, დაახლოებით, 400 კმ² დაიბრუნა და ოკუპირებულ მიწებზე 20 კმ-ს სიღრმეზე შევიდნენ.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინელმა სამხედროებმა, შესაძლოა, ტაქტიკური მოულოდნელობა გამოიყენეს, ასევე ის, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსეთს ძალები შემცირებული ჰყავდა, რადგან აქ მყოფი სამხედროების ნაწილი, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქის სრულად დაპყრობის მიზნით ან სამხრეთში, კონტრიერიშის საპასუხოდ გაგზავნეს.

ანგარიშის მიხედვით, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ უკრაინელების კონტრიერიშის მიზანია კუპიანსკისა და იზიუმის მახლობლად მყოფი რუსული ძალებისთვის სახმელეთო-საკომუნიკაციო ხაზების გადაჭრა, რაც უკრაინელ სამხედროებს აქ მყოფი ოკუპანტების დანარჩენი ძალებისგან იზოლაციის საშუალებას მისცემს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხრეთის კონტრიერიში გარდა, კონტრშეტევა ხარკოვის მიმართულებითაც დაიწყეს.

კომენტარები