რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინამ ხარკოვის ოლქში, დაახლოებით, 400კმ² დაიბრუნა

უკრაინელი სამხედროები ამერიკულ M777 ტიპის ჰაუბიცას რუსების პოზიციებზე დასარტყმელად ამზადებენ. ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 14 ივლისი.
AP Photo/Evgeniy Maloletka

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, დაახლოებით, 400 კმ² დაიბრუნა და ოკუპირებულ მიწებზე 20 კმ-ს სიღრმეზე შევიდნენ.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინელმა სამხედროებმა, შესაძლოა, ტაქტიკური მოულოდნელობა გამოიყენეს, ასევე ის, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსეთს ძალები შემცირებული ჰყავდა, რადგან აქ მყოფი სამხედროების ნაწილი, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქის სრულად დაპყრობის მიზნით ან სამხრეთში, კონტრიერიშის საპასუხოდ გაგზავნეს.

ანგარიშის მიხედვით, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ უკრაინელების კონტრიერიშის მიზანია კუპიანსკისა და იზიუმის მახლობლად მყოფი რუსული ძალებისთვის სახმელეთო-საკომუნიკაციო ხაზების გადაჭრა, რაც უკრაინელ სამხედროებს აქ მყოფი ოკუპანტების დანარჩენი ძალებისგან იზოლაციის საშუალებას მისცემს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხრეთის კონტრიერიში გარდა, კონტრშეტევა ხარკოვის მიმართულებითაც დაიწყეს.

კომენტარები