CRRC-ის კვლევა

CRRC: მხოლოდ 17%-ს სჯერა პროპაგანდის, რომ კანდიდატის სტატუსის წინაპირობა ომში ჩართვა იყო

adf.org.au

CRRC-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, რამდენად სწორად მიაჩნია მოსახლეობას ქართველი პოლიტიკოსების მოსაზრება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდნენ, თუ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებოდა, 37% ამბობს, რომ ეს საერთოდ არ არის სიმართლე, 22% ამბობს, რომ ეს დიდწილად სიმართლე არ არის, 13% ფიქრობს, რომ აზრი დიდწილად სიმართლეა, 4%-ის შეფასებით, ეს აბსოლუტურად მართალია. მოსახლეობის 23%-მა თქვა, რომ არ იცის, კითხვაზე პასუხის გაცემაზე კი უარი 1%-მა განაცხადა. 

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მოსახლეობის 17% საქართველოს მთავრობის უმოქმედობას ასახელებს. მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი - 30% კითხვაზე პასუხობს, რომ არ იცის, 14% ამბობს, რომ მიზეზი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციაა, ასევე 14%-ის აზრით, მიზეზი ქვეყნის მიერ კრიტერიუმების არშესრულებაა, 8% ფიქრობს, რომ სტატუსის მიღებას ოპოზიციამ შეუშალა ხელი, 4%-ის აზრით კი მიზეზი საქართველოს მიერ რუსეთთან ომში არჩართვასა და მეორე ფრონტის არგახსნას უკავშირდება.  

ასევე: 

  • 7% სხვა მიზეზს ასახელებს 
  • 3%-ის აზრით, მიზეზი დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის პოზიციასთან საქართველოს მიმართ  
  • 1% ფიქრობს, რომ მიზეზი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაა 
  • ასევე 1%-ის აზრით, ეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან არის დაკავშირებული 
  • 1%-ის აზრით, მიზეზი მმართველი პარტიის უარია, შეესრულებინა შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნები
  • 1%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე 

კითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მიერ მითითებულ რეფორმებს წლის ბოლომდე განახორციელებს, მოსახლეობის 16% ამბობს, რომ ამას საერთოდ არ ელის, 29%-ის აზრით, ეს უფრო არამოსალოდნელია, ვიდრე მოსალოდნელი, 25%-ის აზრით, უფრო მოსალოდნელია, ვიდრე არამოსალოდნელი, 4% ამბობს, რომ სრულად არის მოსალოდნელი, 25%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხის გაცემაზე.  

CCRC-ის კლევის ფარგლებში 2022 წლის 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ტელეფონით 1 244 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.8% - 4.7%-ია. 

კომენტარები