რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: გერმანიამ რუსეთს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა

Telegraph

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, გერმანიამ რუსეთს ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მედვედევი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ რუსეთი ენერგორესურსების სანდო მიმწოდებელი აღარ არის. 

"გერმანია: ა) არამეგობრული ქვეყანა ბ) რუსეთის მთელ ეკონომიკასა და მის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა გ) უკრაინას იარაღს აწვდის, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგაა მიმართული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გერმანიამ რუსეთს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. შესაბამისად, გერმანია იქცევა ისე, როგორც რუსეთის მტერი". - წერს მედვედევი Telegram-ზე. 

ჩრდილოეთის ნაკადი 1 ევროპისთვის, განსაკუთრებით კი გერმანიისთვის რუსეთიდან გაზის იმპორტის მთავარი წყაროა, თუმცა, გასულ კვირას კანცლერ ოლაფ შოლცმა აღნიშნა, ბერლინს ზამთრისთვის საკმარისი გაზის მარაგი აქვს.

"ჩვენ საკმაოდ კარგად შეგვიძლია გავუმკლავდეთ იმ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთიდან მოდის". - აღნიშნავს შოლცი.

კომენტარები