აშშ

აშშ-ში 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც მამამ 31 გრადუსიან სიცხეში მანქანაში 5 სთ-ით დატოვა

აშშ-ში, ოჰაიაოს შტატში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც თავისი 1 წლის შვილი მანქანაში განზრახ 5 საათის განმავლობაში დატოვა, რის გამოც ბავშვი გარდაიცვალა. 

CNN-ის ცნობით, 19 წლის ლენდონ პაროტმა ბავშვი მანქანაში იმიტომ დატოვა, რომ სახლში მისთვის ხელი არ შეეშალა. ამ დროის განმავლობაში გარეთ 31 გრადუსი სიცხე იყო. 

პოლიციამ სიმართლე მას შემდეგ დაადგინა, რაც კაცმა არათანმიმდევრული ჩვენებები მისცა. 

პაროტს გამოძიებამ ორი მუხლით წაუყენა ბრალი. ის ტუქსარავას ოლქის ციხეში იმყოფება. 

უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მონაცემებით, 2018 და 2019 წლებში, ყოველწლიურად რეკორდული, 53 ბავშვი იღუპებოდა ცხელ მანქანაში ყოფნის გამო. noheatstroke.org-ის ცნობით, 2022 წელს 22 ბავშვი დაიღუპა მსგავსი შემთხვევის გამო. 

მეტეოროლოგისა და noheatstroke.org-ის დამფუძნებლის, იან ნულის თქმით, 1998 წლიდან დაფიქსირდა მინიმუმ 929 პედიატრიული სითბური ინსულტის შემთხვევა. ამ დაღუპულთაგან 53% იყო იმის გამო, რომ ვიღაცას ბავშვი მანქანაში დაავიწყდა. 

კომენტარები