ქართული ოცნება

ქადაგიშვილი: ვერ ვიტყვით, რომ არ არიან ძალები, ვისაც არ უნდა, რომ საქართველო ომში ჩაერთოს

„იმის თქმა, რომ დღეს მსოფლიოში ომი არავის უნდა, პოლიტიკური სურათის ფართო მასშტაბით ვერდანახვაა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ომი მიმდინარეობს და ამ ომში პირდაპირ თუ ირიბად ბევრი სახელმწიფოა ჩართული. ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ დაინტერესებული ძალები არ არიან, ვისაც არ უნდა, რომ საქართველო ომში აქტიურად იყოს ჩართული. ამის მრავალი ინდიკატორი ვნახეთ. ეს ინდიკატორები ხომ არ გამქრალა? ეს ფაქტობრივი მოცემულობები იყო, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები იყო, რომ სამხედრო მოქმედებები დაგვეწყო. აქ ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციული ისეთი ქმედებები იყო, რაც რუსეთიდან აღქმული იქნებოდა, როგორც საქართველოს მხრიდან აგრესიული ნაბიჯები და ეს ზრდის მისი აგრესიის განხორციელების რისკებს.

ეს ყველა მოცემულობა ვნახეთ. ვფიქრობ, პრეზიდენტი სურათს ძალიან ფართოდ არ აფასებს. ოპოზიცია ისეთ აქციებს მართავდა, რაც მიმართული იყო არა მხოლოდ რუსული აგრესიის დაგმობისკენ, არამედ ჩვენი აქტიური ჩართულობა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებში. იგივე თვითმფრინავის ჩამოფრენა, საიდანაც სახელმწიფოს მოხალისეები უნდა გაეგზავნა. რასაც დასავლეთი არ აკეთებს, ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ? ამაზეა საუბარი. ხელისუფლება ზომიერ და გონიერ პოლიტიკას ატარებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ  არავის უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. პრეზიდენტმა ამ ნარატივს მოგონილი ტყუილი უწოდა.

კომენტარები