ქარელი

ქარელში მთვრალმა კაცმა ეზოში ცეცხლი დაანთო და 6 სახლი გადაწვა – პროკურატურა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს კაცს, რომელმაც ქარელის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სახლის ეზოში დაანთო ცეცხლი, რომელიც გავრცელდა და 6 სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები დაწვა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო.

მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს და ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს, ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მისული მეზობლები სახლიდან გაყარა. ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების ექვსი სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები". - წერია განცხადებაში. 

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით (სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ 6-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები