მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: ვაპირებთ მივმართოთ სამხარაულს, რომ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიმართავენ. მისი მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მიხეილ სააკაშვილისთვის და  მკურნალობისთვის არაფერი დაუკლია. 

"ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს, რომ ჩაუტარდეს სააკაშვილს კომპლექსური ექსპერტიზა. გვინდა, მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი... მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს და გვინდა მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. სააკაშვილს პატიმრობის პერიოდში არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, მას ეს დახმარება გაეწია. როდესაც ვინმე საუბრობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა ან გაუარესდა, ამ ყველაფერზე უნდა ისაუბრონ მედიკოსებმა".- ამბობს ბრეგაძე. 

იუსტიციის მინისტრმა ალტერნატიულ ექსპერტიზის ჩატარებაზე რამდენიმე დღის წინაც გააკეთა განცხადება. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ექსპრეზიდენტი შეთავაზებაზე თანახმაა. 

მიხეილ სააკაშვილს მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში 2 უცხოელი ექსპერტი ჩამოვიდა, ისინი დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ. 

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უფლებადამცველებმა უკვე დაიწყეს სასამართლოსთვის წარსადგენ შუამდგომლობაზე მუშაობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას მოითხოვს.

კომენტარები