არქტიკა

აშშ არქტიკაში ელჩის დანიშვნას გეგმავს

U.S. Northern Command

რუსეთის სამხედრო მოქმედებების ზრდის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები არქტიკაში ელჩის დანიშვნას გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვედანტ პატელის თქმით, ელჩი რეგიონში აშშ-ს პოლიტიკის გასაძლიერებლად დაინიშნება.

ამერიკის ახალი ელჩი ითანამშრომლებს არქტიკულ 7 სახელმწიფოსთან – კანადასთან, დანიასთან, ფინეთთან, ისლანდიასთან, შვედეთთან და რუსეთთან, ასევე იმუშავებს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის მიერ ჩრდილოეთ პოლუსში პოზიციების გაძლიერებასა და ჩინეთის მიერ არქტიკული კვლევითი სადგურების მშენებლობის ინიციატივას მოჰყვა.

26 აგვისტოს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტისას თქვა, რომ არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა NATO-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა. მისივე თქმით, რუსეთმა არქტიკაში ასობით საბჭოთა ეპოქის სამხედრო ობიექტი  გახსნა, რეგიონი ახალი იარაღის სისტემების შესამოწმებლად გამოიყენა.

არქტიკაში ყინულის დნობამ რეგიონში საერთაშორისო ინტერესები და კონკურენცია გაზარდა. ყინულის დნობა ხელს უწყობს როგორც ახალი საზღვაო მარშრუტების შექმნას, ასევე ახალი რესურსების მოპოვებას. რუსეთი არქტიკაში გავლენის გაზრდას ცდილობს, რაც ეწინააღმდეგება აშშ-სა და NATO-ს მოკავშირეების ინტერესებს.

არქტიკაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის ობიექტი ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტია, რომლის გამოყენებაც მოსკოვს ნავთობისა და ბუნებრივი აირის სხვა ქვეყნებში ექსპორტირებისთვის სურს. რუსეთს უნდა, რომ ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტით სავაჭრო გემებისთვის სუეცის არხის გზაზე მოკლე ალტერნატივა შექმნას, რომელსაც თავად გააკონტროლებს. 

კომენტარები