რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალი 1.9 მილიონიდან 2.04 მილიონამდე გაიზრდება.
დოკუმენტის მიხედვით, საბრძოლო პერსონალი 137 000-ით გაიზრდება და 1.15 მილიონი გახდება. ბრძანება ძალაში 1 იანვარს შევა.
"განისაზღვროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 039 758 ერთეულამდე, მათ შორის 1 150 628 სამხედრო მოსამსახურე". – ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.
შეიარაღებული ძალების გაზრდის ბრძანება ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა 2017 წელს გასცა.
ომში სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია რუსეთმა ბოლოს ომის დაწყებიდან ერთ კვირაში გააკეთა. მას შემდეგ ინფორმაცია რუსეთის მიერ არ განახლებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 24 აგვისტოს ჩათვლით 45 700-მდე სამხედრო დაკარგა.





