ღირსეული პარტნიორი

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება ღირსეულ პარტნიორს მეექვსედ უმასპინძლებს

ქართველი სამხედრო ღირსეული პარტნიორი 2020-ის დასრულების ცერემონიაზე, თბილისის შემოგარენი, 2020 წლის 18 სექტემბერი
Vano Shlamov / AFP

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველო მრავალეროვნულ სწავლება ღირსეულ პარტნიორს მეექვსედ უმასპინძლებს.

სამხედრო წვრთნების დაწყებაზე საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

ღირსეული პარტნიორი 2022-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

ისტორიაში პირველად, სწავლებაში წელს მონაწილეობას მიიღებენ იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

სწავლებაშ მონაწილეობენ საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიტვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიტვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. სწავლების შესახებ პრეზენტაცია თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა - „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარადგინა. მან სწავლების მიზანსა და ამოცანებზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბრიფინგზე დასასწრებად არმიჰოლში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის უცხოელი ექსპერტები შეიკრიბნენ.

„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნული სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.

კომენტარები