კრიმინალი

პროკურატურა: 16 წლამდე პირთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულს გირაო შეეფარდა, ვასაჩივრებთ

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება 14 აგვისტოს დაიწყო. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი არ გამოიკვეთა, თუმცა დადგინდა, რომ ბრალდებულმა16 წელს მიუღწეველი გოგო ქორწინების მიზნით, ნებაყოფლობით წაიყვანა ნათესავის კუთვნილ სახლში და 14 აგვისტოს მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. 

ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის კავშირი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები