რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

MH17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი იგორ გირკინი ყირიმში დააკავეს – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მალაიზიური MH17-ის ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, იგორ გირკინი (სტრელკოვი) დროებით ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს. გირკინი ყალბი დოკუმენტებით უკრაინაში მიემგზავრებოდა.

ომის მოწინააღმდეგე არხმა, Seiatel vetra-მ გამოაქვეყნა გირკინის ფოტო და მისი პასპორტი, რომელიც სერგეი რუნოვის სახელზე 2015 წელსაა გაცემული.

უკრაინული მედიის ცნობით, გირკინის კოლეგა, ალექსანდრ ჟუჩოვსკი ირწმუნება, რომ მას არანაირი პოლიტიკური მიზნები არ ჰქონდა და არ აპირებდა არეულობის გამოწვევას. ხოლო ის, რომ ფრონტის ხაზზე ვერ მოხვდა, "დიდი პოლიტიკური დანაშაულია".

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილე ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერებს, მათ შორის გირკინს, კრემლის წამყვანი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი სამხილებს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, რის შემდეგაც დაკავების ორდერები გამოიცა 4 ეჭვმიტანილზე: სერგეი დუბინსკიზე, ოლეგ პულატოვზე და იგორ გირკინზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ასევე უკრაინის ერთ მოქალაქეზე, ლეონიდ ხარჩენკოზე.

კომენტარები