საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო

ერევნის თხოვნით მთავრობა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო გზას განიხილავს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სომხეთის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო ტრანსპორტი განიხილოს.

სააგენტოს განმარტებით, ამის მიზეზი "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის გადატვირთულობაა, რის გამოც ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც სომხურ მხარეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს.

"საქართველოს სატრანზიტო კორიდორი მუშაობას გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვნად გართულებულია. სომხეთ-რუსეთს შორის "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.

ხსენებული პრობლემის გამო, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს". - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები