რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

24 თებერვლის შემდეგ პირველად, უკრაინის შავი ზღვის პორტი ხორბლით დატვირთულმა გემმა დატოვა

ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Sormovskiy 121 უკრაინის შავი ზღვის პორტში, 2022 წლის 12 აგვისტო.
Ministry of Infrastructure of Ukraine/Handout via REUTERS

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შავი ზღვის პორტები კიდევ ორმა გემმა დატოვა. მათ შორის ერთი 24 თებერვლის შემდეგ პირველად, უკრაინული ხორბლით იყო დატვირთული. გემების ტრანსპორტირების უსაფრთხოება გაეროსთან გაფორმებული ხელშეკრულებითაა დაცული

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინული პორტებიდან სულ 14 გემი გავიდა. ხორბლით დატვირთულმა გემმა ჩორნომორსკის პორტი დღეს, 12 აგვისტოს დატოვა. ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ გემს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, თექირდაღის პროვინციაში 3050 ტონა ხორბალი გადააქვს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ამჟამად დაახლოებით $10 მილიარდის ღირებულების მარცვლეულის ექსპორტზე გატანა შეუძლია. ასევე, მიწოდების აღდგენასთან ერთად, კიევი მიმდინარე მოსავლის გაყიდვასაც შეძლებს.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს. 

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში "იმედის შუქურაა". თუმცა, გუტერეში აღნიშნავს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო. 

კომენტარები