სამგორის რაიონის გამგეობა

ნგრევის საფრთხის გამო ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე.

"მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი.

კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში". - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამგორის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.

კომენტარები