აშშ-ბელარუსი

აშშ-მ ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ 100 ბელარუს თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ 100 ბელარუს თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-მ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მეორე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.

სანქცირებულთა შორის მოხვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კგბ-ის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო კომიტეტის მთავარი დეპარტამენტის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დეპარტამენტის თანამდებობის პირები. ასევე, სამთავრობო ტელეკომპანიების ჟურნალისტები, სამხედროები, პარლამენტარები, მოსამართლეები და სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელები.

"სანქცირებული პირები მონაწილეობდნენ წამებაში, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დაკავებაში, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების სახლებისა და ოფისების უკანონო ჩხრეკაში, მათგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებაში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანების პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაში, სტუდენტების გარიცხვაში და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე რეპრესიული კანონების მიღებაში". - აღნიშნულია განცხადებაში.

2020 წლის არჩევნების გაყალბების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში 297 ბელარუსი მოხვდა, მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.

კომენტარები