2008 წლის აგვისტოს ომი

ჰელსინკის კომისია: ქართველებთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ

ტაბულა

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის თოთხმეტი წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდითაა რუსეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. კომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, იმუშაოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რათა რეგიონში რუსეთის გავლენა შეჩერდეს.

"თოთხმეტი წლის წინ რუსეთის ძალადობრივი იმპერიული ზრახვები მსოფლიომ საქართველოში დაინახა. ყალბი საბაბით თავდასხმის დაწყების შემდეგ რუსეთის ჯარებმა ეთნიკურად გაწმინდეს ათიათასობით ადამიანი, მოიტანეს უაზრო ნგრევა და საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია.

ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვინაიდან რუსეთი აგრძელებს ოკუპაციასა და გენოციდს უკრაინაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის დამანგრეველი გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება". – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს ომი 14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები