2008 წლის აგვისტოს ომი

პრემიერი: 14 წელია ქვეყნის გული – ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი FACEBOOK-ზე 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმიანება და წერს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი 14 წელია რაც ოკუპირებულია. 

"14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ. 

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!"- წერს ღარიბაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ომი 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსეთ-საქართველოს ომი 14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონფლიქტი 8 აგვისტოს დაიწყო.

ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოველ წელს 8 აგვისტოს მიდიან. წელსაც, პრემიერმინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგებლები მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლას სწორედ  8 აგვისტოს აპირებენ

კომენტარები