ანატოლი ჩუბაისი

პუტინის ყოფილი წარმომადგენელი, ანატოლი ჩუბაისი ჰოსპიტალიზებულია

ანატოლი ჩუბაისი

ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც გასულ თვეებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია დატოვა და რუსეთიდან წავიდა, ევროპაში ჰოსპიტალიზებულია.

ჩუბაისის ახლობლების თქმით, ის ფიქრობს, რომ გიენ-ბარეს სინდრომი სჭირს. ამის შესახებ ჩუბაისის ახლობლებმა Reuters-თან ისაუბრეს. გიენ-ბარეს სინდრომი არის კუნთების სისუსტე, რაც იმუნური სისტემის მიერ პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებით არის გამოწვეული.

"არ მგონია მოწამლული". – ამბობს Reuters-ის ორი წყაროდან ერთ-ერთი. 

გასულ დღეს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიები ციტირებდნენ, სავარაუდოდ, ჩობაისის სიტყვებს: "ჰოსპიტალიზებული ვარ ერთ-ერთ ევროპულ კლინიკაში გიენ-ბარეს სინდრომით. მდგომარეობა საშუალო სირთულისაა, სტაბილურია". 

ჩუბაისის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ სამთავრობო მედიაში სატელევიზიო წამყვანმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა. გუშინ სობჩაკი წერდა, რომ ჩუბაისის მდგომარეობა არასტაბილურია, მას უეცრად წაერთვა ხელ-ფეხი. 

23 მარტს ანატოლი ჩუბაისმა დატოვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მან დატოვა რუსეთიც.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში მაღალჩინოსნამა თანამდებობა დატოვა.

ჩუბაისს რუსეთის ექსპრეზიდენტის, ბორის ელცინის მთავრობის დროს ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის (1996-1997), ვიცეპრემიერისა (1992-1994; 1997-1998) და ფინანსთა მინისტრის (1997 წლის მარტი-ნოემბერი) თანამდებობები. 2020 წლის 4 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა ჩუბაისი დანიშნა საკუთარ წარმომადგენლად საერთაშორისო ორგანიზაციებში.

კომენტარები