რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

აზოვის პოლკი უკრაინელი ტყვეების დაბომბვაში მონაწილეებზე ნადირობას აცხადებს

აზოვის პოლკის მებრძოლი

აზოვის პოლკი ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების იზოლატორის დაბომბვაში ყველა მონაწილეზე ნადირობას აცხადებს

ნადირობა აზოვის პოლკის დამფუძნებელმა, ანდრიი ბილეცკიმ გამოაცხადა.

"ოლენივკაში კოლონიაზე, სადაც იმყოფებიან ჩვენები აზოვსტალიდან, დარტყმის შესახებ. ამ საღამოს რუსებმა დახოცეს აზოველი ტყვეების ნაწილი.

რუსეთის სარდლობამ ტყვეების მასობრივი ხოცვა უკრაინის არმიის ქმედებად გაასაღა. პოლკის მებრძოლები ცალკე შენობაში იყვნენ გადაყვანილი.

უკვე ცხადია, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ქმედება იყო იმ ქვეყნის, რომლისთვისაც ოფიცრის პატივის ცნება უცნობია, მით უმეტეს, ჟენევის კონვენციის წესების, კანონებისა და ომის წეს-ჩვეულებების დაცვა.

რუსეთმა  ვერ შეძლო აზოვის სამართლიან ბრძოლაში დამარცხება, ამიტომ ცდილობს ვერაგობით გაგვანადგუროს.

აზოვის დანაყოფის სახელით, ვაცხადებ ნადირობას მასობრივ ხოცვაში ყველა მონაწილეზე. პასუხისმგებლობა აწევს ყველა რიგით შემსრულებელსა და ყველა ორგანიზატორს, განურჩევლად მოვალეობისა და ადგილმდებარეობისა. სადაც არ უნდა იმალებოდეთ, იქნებით ნაპოვნი და განადგურებული". – წერს ბილეცკი. 

იზოლატორში, რომლის დაბომბვასაც, მინიმუმ, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა, იმყოფებოდნენ აზოვსტალის მცველები, რომლებიც ქალაქი მარიუპოლიდან გამოიყვანეს.


29 ივლისს ოკუპირებულ დონეცკში მდებარე ოლენივკას იზოლატორზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მინიმუმ, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მარიონეტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები ავრცელებენ და იერიშს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბრალებენ.

აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოაცხადეს, რომ დაღუპული იყო 40 უკრაინელი სამხედრო ტყვე, 75 კი დაშავებული, ასევე, მათივე ინფორმაციით, დაჭრილი იყო იზოლატორის 8 თანამშრომელიც. მათი მტკიცებით, ციხეზე იერიში უკრაინელებმა ამერიკული HIMARS-ებით მიიტანეს. 

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოლენივკაში განზრახ და დამიზნებით, საარტილერიო ცეცხლის მეშვეობით, დაბომბეს იზოლატორი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ რუსეთი ასეთი პროვოკაციებით ცდილობს, უკრაინას ომის დანაშაულები დააბრალოს. ამას გარდა, ამბობენ, რომ ამ გზით, ოკუპანტები იზოლატორში ჩადენილ საკუთარ ომის დანაშაულების, წამებებისა და დახვრეტების კვალის დაფარვას ცდილობენ.

უკრაინის გენშტაბში ხაზს უსვამენ, რომ ისინი პარტნიორების მიწოდებულ დიდი მანძილის იარაღებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე იერიშის მისატანად იყენებენ.

ოლენივკას იზოლატორში მარიუპოლიდან ევაკუირებული აზოვსტალის მცველებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები