რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსეთმა უკრაინელი სამხედრო ტყვეების იზოლატორი დაბომბა, დანაშაულების დასამალად

მარიუპოლის ალყიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები რუსების ავტობუსში, ოლენივკას ბანაკთან ახლოს, 2022 წლის 17 მაისი.
AP Photo/Alexei Alexandrov

ოკუპირებულ დონეცკში მდებარე ოლენივკას იზოლატორზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მინიმუმ, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მარიონეტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები ავრცელებენ და იერიშს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბრალებენ.

აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოაცხადეს, რომ დაღუპული იყო 40 უკრაინელი სამხედრო ტყვე, 75 კი დაშავებული, ასევე, მათივე ინფორმაციით, დაჭრილი იყო იზოლატორის 8 თანამშრომელიც. მათი მტკიცებით, ციხეზე იერიში უკრაინელებმა ამერიკული HIMARS-ებით მიიტანეს. 

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოლენივკაში განზრახ და დამიზნებით, საარტილერიო ცეცხლის მეშვეობით, დაბომბეს იზოლატორი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ რუსეთი ასეთი პროვოკაციებით ცდილობს, უკრაინას ომის დანაშაულები დააბრალოს. ამას გარდა, ამბობენ, რომ ამ გზით, ოკუპანტები იზოლატორში ჩადენილ საკუთარ ომის დანაშაულების, წამებებისა და დახვრეტების კვალის დაფარვას ცდილობენ.

უკრაინის გენშტაბში ხაზს უსვამენ, რომ ისინი პარტნიორების მიწოდებულ დიდი მანძილის იარაღებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე იერიშის მისატანად იყენებენ.

ოლენივკას იზოლატორში მარიუპოლიდან ევაკუირებული აზოვსტალის მცველებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები