რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოიჩენკო: მარიუპოლი მომდევნო 6 თვეში გათავისუფლდება

Ueslei Marcelino/Reuters

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსი დამპყრობლებისგან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლდება.

"უახლოეს მომავალში, ექვს თვეში, ქალაქი მარიუპოლი გათავისუფლდება, ჩვენ ვითვლით რუსების მიერ მოყენებულ ზარალს და ასევე ვეძებთ, რა არის საჭირო აღდგენისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭები, და ეს იქნება დეკემბერ-იანვარში, ბლოკადას გაარღვევენ და მარიუპოლს გაათავისუფლებენ, ჩვენ პირდაპირ ქალაქში შევალთ, ექსპერტებთან ერთად შევაფასებთ ნგრევის მასშტაბებს და ეტაპობრივად აღვადგენთ ქალაქს. ასე დავგეგმეთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქალაქის აშენებას დავუთმობთ, რაც 14 მილიარდი ევრო დაჯდება". - თქვა ბოიჩენკომ

რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც გასულ კვირას ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.   

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 2 400-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები