საქართველო-ევროკავშირი

ქართული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნების საჯარო შესყიდვებში მონაწილეობას შეძლებენ

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნების საჯარო ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ. გადაწყვეტილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ 22 ივლისს მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ეს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების "სრულყოფილად და შესანიშნავად" შესრულების შედეგია.

"ევროკავშირში წლის განმავლობაში 250 000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრილიონზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს. ქართული კომპანიებისთვის, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და აქ არიან რესტრირირებულები, ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების შესანიშნავად, სრულყოფილად შესრულების შედეგია. ჩვენ ქართველ შემსყიდველებს, ქართულ კომპანიებს ვუჩენთ შესაძლებლობას, რომ თანაბარ პირობებში ევროპულ კომპანიებთან ერთად, ევროპის 27 ქვეყანაში მოახერხონ პროდუქციის მიწოდება იმ საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც საჯარო შესყიდვებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობთ, რომ ქართული ბიზნესისთვის ეს იქნება ახალი სტიმული. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები