რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქმე აღძრეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ Российская газета-სთან ისაუბრა

ბასტრიკინის თქმით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, კანადის, ნიდერლანდებისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მას მათი ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.

"ასევე, არის საქმეები უკრაინის ტერიტორიაზე დაქირავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი მოქმედებების ფაქტებთან დაკავშირებით. მათი გამოძიება მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, კანადის, ნიდერლანდებისა და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში". – თქვა ბასტრიკინმა.

ბასტრიკინის თქმით, სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური მეთაურობის მიმართაც.

ამას გარდა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობაში ადანაშაულებს.

"აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობის ფაქტებზე". – თქვა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მეთაურმა. 

როგორც ბასტრიკინი ამბობს, აღძრულია 1300-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე და წინასწარი გამოძიებით 220-ზე მეტ პირს ბრალი ედება "მშვიდობისა და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში".

კომენტარები