ქართული ოცნება

ზურაბიშვილი ქართულ ოცნებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას, ქართულ ოცნებას პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ადანაშაულებს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს. 

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მის არაოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც მმართველი პარტია კონსტიტუციის დარღვევად აცხადებდა. ზურაბიშვილის თქმით, ამ ვიზიტის დროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უკვე რთული იყო. მისი მტკიცებით, ვიზიტით კონსტიტუაცია არ დაურღვევია.

"ეს ვიზიტი იყო აუცილებელი, იმიტომ რომ არავინ დადიოდა. ეს ვიზიტი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ყოფილიყო, არ გვეცოდინებოდა შეგვიძლია თუ არა კანდიდატურის მოთხოვნის წარდგენა და რა რეაქციებს მივიღებდით, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე იყო უკვე ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა. ეს ვიზიტი პრობლემატური რომ არ გამხდარიყო, კერძო ვიზიტად გადავაქციე. არ იყო დარღვევა, რადგან გადავაქციე კერძო ვიზიტად". – თქვა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, მან იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, რომელსაც, მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არღვევს.

"მე შევასრულე კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაშია – 78-ე მუხლი – ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაშია, იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ევროინტეგრაციის პროცესი. სხვათა შორის, ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლებით არღვევს სწორედ უმრავლესობა". – თქვა ზურაბიშვილმა. 

78-ე მუხლში წერია: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას არღვევს უმრავლესობა, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციაში ვერ დავწინაურდეთ, რაც, მისი თქმით, კონსტიტუციის დაღვევაა.

"ყველაფრის გაკეთება, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ინტეგრაცია. ყველაფერს რომ აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა". – თქვა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არ იცის რატომ სურს ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება. 

კომენტარები