აშშ-საქართველო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო აქტი, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორადაა ნახსენები

2016 წლის 24 მაისი, Noble Partner 2016-ის სამხედრო წვრთნები, ვაზიანის ბაზა
AFP

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა. აქტში შედის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ოსტინ სკოტისა და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ სმიტის ინიცირებული შესწორებაც, რომელშიც საქართველო მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონპროექტთან დაკავშირებით წერს: "კანონპროექტის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ენერგო-ტრანზიტისა და ვაჭრობის საერთაშორისო ჰაბია და როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განუყოფელ ნაწილი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და მომარაგების სტრატეგიული მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით. აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია, დე-ფაქტო ანექსიის მცდელობები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა საქართველოს ეროვნული და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს". 

როგორც კანონპროექტშია ნათქვამი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისა და შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

"კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და NATO-ს ასპირანტი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად მიისწრაფვის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების განმტკიცებისკენ.  ხაზგასმულია, რომ პარტნიორობის 30 წლის მანძილზე აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფის პროცესში. აქვე აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის ფონზე. ხაზგასმულია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისა და სტრატეგიული ინტერესებისთვის შავი ზღვის რეგიონში". – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

საგარეო უწყებამ გამოყო პუნქტები, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ეხება:

  • განამტკიცოს მხარდაჭერა და გადადგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიმართულებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად.
  • განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
  • გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
  • განაგრძოს ძლიერი მხარდაჭერა და არსებითი მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
  • განაგრძოს პრესის თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა, რათა დაეხმაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
  • პრიორიტეტად დასახოს და გააღრმაოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაციის, საქართველოს აღჭურვილობის მოდერნიზაციის გეგმების გაზრდილი დაფინანსების გზით, რათა განმტკიცდეს საქართველოს შეკავების, ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, NATO-სთან თავსებადობა.
  • შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მხარი დაუჭიროს არსებულ და ახალ თანამშრომლობის ფორმატებს, რათა გაზარდოს NATO-ს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა.
  • გააძლიეროს კიბერ-სფეროში საქართველოს მხარდაჭერა, ტრენინგების, განათლების და ტექნიკური დახმარების გზით.
  • განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტულ კამპანიებთან გამკლავების მიზნით, რომელიც მიმართულია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობას და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

კომენტარები