სოსო გოგაშვილი

გოგაშვილის ცოლი: ის ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარია

"სოსო გოგაშვილი არის ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარი". - ამბობს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი საქალაქო სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დახურულ რეჟიმში მსჯელობს.

"ესენი არიან რუსული ოცნების პროკურორები და რუსული ოცნება ცდილობს ყველანაირად დახუროს სასამართლო პროცესი, რათა საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს... სოსო გოგაშვილმა რადგან თქვა ვამხელ, ესე იგი, იქნება მხილებული". - ამბობს თეა მარტყოფლიშვილი.

15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა - ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა". 


15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე წერილი გამოქვეყნა, რომელშიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს და ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ პარტიამ მას აქამდე მათ მიერ “გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეატენა”. გოგაშვილი ასევე წერდა, რომ "ახალ მოხარშულ სიმყრალესაც" მას ვეღარ "შეტენიდნენ". 

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერში ახსენებენ სოსო გოგაშვილსაც. ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. მომდევნო დღეს, 14 ივლისს, უცნობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები