Breaking Bad

ალბუკერკეში BREAKING BAD-ის პერსონაჟების, ვოლტერ ვაითისა და ჯესი პინკმანის ძეგლს დადგამენ

CNN

ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ ალბუკერკეში, ცნობილი სერიალის Breaking Bad-ის მთავარი გმირების, ვოლტერ ვაითისა და ჯესი პინკმანის ძეგლი გაიხსნება.

პოპულარული სერიალის მოქმედება სწორედ ალბუკერკეში ხდება. ქანდაკებისთვის თანხა გამოყო კინოსტუდია Sony-მ, ასევე სერიალის შემქმნელმა ვინს გილიგანმა.

"გასული 15 წლის განმავლობაში ალბუკერკეში ორი სერიალი და ერთი ფილმი გადავიღეთ. ეს ადგილი საოცარია, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები იქ. ვოლტერ ვაიტისა და ჯესი პინკმანის ქანდაკები ათასობით ტურისტს მიიზიდავს. მადლობა მინდა გადავუხადო სტუდია Sony-ს და ასევე მოქანდაკე ტრევორ გროვს". – ამბობს გილიგანი.

ვაითისა და პინკმანის ძეგლი ალბუკერკეს საკონფერენციო ცენტრში 29 ივლისს გაიხსნება. ქანდაკების გახსნას ვაითისა და პინკმანის როლის შემსრულებლები, ბრაიან კრენსტონი და აარონ პოლი, ასევე ვინს გილიგანი და ალბუკერკეს მერი დაესწრებიან.

Breaking Bad ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია. ფილმის მთავარი გმირი ალბუკერკეში მცხოვრები ქიმიის მასწავლებელი ვოლტერ ვაითია, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო ნარკოტიკ მეტამფეტამინის დამზადებას იწყებს, მას საქმეში ყოფილი მოსწავლე და წვრილმანი ნარკომოვაჭრე ჯესი პინკმანი ეხმარება. 

კომენტარები