რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მესამე მხარედ ჩართვა, ვალდებულებები" – საგარეოს პასუხი რატომ არ შეუერთდა უკრაინის სარჩელს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ არ შეურთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას. 

უწყების განცხადებით, ეს სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას წარმოადგენს.

"საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“).

გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა.

საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას".- აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ისინი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ, არ შეუერთდა.

განცხადებას წელს აწერს: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი.

კომენტარები