PIXAR

5 საინტერესო ფაქტი LIGHTYEAR-ის შესახებ

Cavea

Pixar-ის ახალი ანიმაცია Lightyear საქართველოს კინოთეატრებში 14 ივლისს გამოვიდა. ახალი ფილმი Toy Story-ს მთავარი გმირის, ბაზ ლაითიერის ისტორიაა. 2020 წლის შემდეგ პირველად, სტუდია პიქსარის ფილმის ნახვა დიდ ეკრანზეა შესაძლებელი, პანდემიის გამო წინა სამ პროექტს (Soul, Luca, Turning Red) თეატრალური რელიზი არ ჰქონია.

წარმოგიდგენთ 5 საინტერესო ფაქტს Lightyear-ის შესახებ.

სამსახიობო შემადგენლობა

მთავარ გმირს, ბაზ ლაითიერს ჰოლივუდის წამყვანი მსახიობი, კაპიტან ამერიკას როლის შემსრულებელი კრის ევანსი ახმოვანებს. მსახიობისთვს ეს პირველი მთავარი ხმოვანი როლია. ვარსკვლავის გარდა გამხმოვანებლებს შორის არიან Marvel-ის კინოსამყაროს კიდევ ერთი წევრი, ახალი თორის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი, ასევე კომიკოსი ბილ ჰადერი და მოქმედი ამერიკელი ასტრონავტი ტიმ პიკი.

გადამღები ჯგუფი

Lightyear კომპანია პიქსარის ვეტერანმა, ანგუს მაკლეინმა გადაიღო. მაკლეინი ცნობილ სტუდიაში ანიმატორად 1998 წლიდან მუშაობს. მისი შრომის ნაყოფია ისეთი საკულტო ანმაციები, როგორებიც არის Toy Story 2, Monsters, Inc., Finding Nemo, Up, Toy Story 3. 

რეჟისორის თქმით პროექტზე მუშაობისას მისი ინსპირაციის მთავარი წყარო 70-80 წლების სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმები იყო, განსაკუთრებით კი სტივენ სპილბერგისა და ჯორჯ ლუკასის შემოქმედება.

მომავალი ფილმის საუნდტრეკი კი ოსკარის, ემისა და გრემის მფლობელ კომპოზიტორს, მაიკლ ჯაკინოს ეკუთვნის. მუსიკოსის ნამუშევრებს შორის არის კომპოზიციები ფილმებისთვის Incredibles, Mission Impossible 3, Ratatouille, Speed Racer, Up, Super 8, Planet of The Apes. ლაითიერის მუსიკაზე მუშაობისას კომპოზიტორმა 84 ინსტრუმენტიანი ორკესტრი და 39 კაციანი ქორო გამოიყენა.

კავშირი სხვა ნაწარმოებთან

იქიდან გამომდინარე რომ Lightyear სათამაშოების ისტორიის ოფიციალური სპინოფია, ფილმში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ფრენჩაიზის არაერთი პერსონაჟი ჩანს. ასევე ანიმაცია გაჯერებეულია სხვადასხვა ფრაზებით, მცირე მინიშნებებით, რომლებსაც Toy Story-ს ნამდვილი თაყვანისმცემლები აუცილებლად დააფასებენ. როგორც მოსალოდნელი იყო ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი იმპერატორი ზერგია – ძლევამოსილი უზურპატორი და ბაზის მთავარი მტერი სათამაშების ისტორიიდან. გარდა ამისა პიქსარის რამდენიმ თავგადაკლული ფანის აზრით ლაითიერი ნაწილობრივ კავშირშია Wall-E-ის სამყაროსთან.

სოქსი

პიქსარის ანიმაციები არა მხოლოდ მთავარი გმირებით, არამედ დაუვიწყარი, გამორჩეული მეორეხარისხოვანი პერსონაჟებით არის ცნობილი: დორა Finding Nemo-დან, ფროზონი The Incredibles-დან, რასელი Up-დან და ა.შ. Lightyear-ში არაერთი ახალი პერსონაჟია, მაგრამ თითოეული მაყურებლისა და კრიტიკოსის გული მოიგო რობოტიზებულმა წითურმა კატამ, სოქსმა. ფილმის კომედიურ ნაწილზე სწორედ სოქსის პერსონაჟი აგებს პასუხს.

NASA

ანიმაციურ ფილმების დაწყების წინ Pixar ყოველთვის დიდ დროს უთმობს თემატურ კვლევებს, გამონაკლისი არც Lightyear გახდა. 

პროდიუსერის განმარტებით პროექტზე მუშაობის დაწყების წინ გადამღები ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობდა NASA-თან:

"რამდენიმე დღე NASA-ში გავატარეთ, რათა ანიმაციაში კოსმოსურ მოგზაურობასთან დაკავშირებული დეტალები მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო. ჩვენ მოვინახულეთ Apollo-ს გამშვები ცენტრი, შევისწავლეთ თუ როგორ მზადდება ასტრონავტების კოსტიუმები, თითოეული, რეალურად არსებული მოწყობილობის, ღილაკისა თუ საფრენი აპარატის შიდა ინტერიერის დეტალების შესახებ მიღებული ინფორმაცია ფილმზე მუშაობისას გამოვიყენეთ".

Lightyear-ის გადამღები ჯგუფი NASA-ს კვლევით ცენტრში

 

კომენტარები