რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფიალა: ევროკავშირის მე-7 სანქციების პაკეტში რუსული გაზის იმპორტზე შეზღუდვები არ დაწესდება

ჩეხეთის პრემიერმინისტრი, პეტრ ფიალა

ჩეხეთის პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს, თუმცა ნათელია, რომ სანქციები რუსეთიდან იმპორტირებულ გაზს არ შეეხება, ვინაიდან ევროპის ბევრ ქვეყანას ბუნებრივი აირის სხვა ალტერნატივა არ აქვს. 

ფიალამ აღნიშნა, რომ სანქციები სავარაუდოდ ოქროს იმპორტსა და დამატებით, ორმაგი გამოყენების საქონლის ექსპორტს აკრძალავს. ამასთან ერთად, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ და კრემლთან დაახლოებული პირების სანქცირებასაც.

ფიალას ინფორმაციით, ევროკომისია პაკეტის წარსადგენად უახლოეს დღეებში მზად იქნება, ამის შემდეგ კი, წევრი ქვეყნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყება.

"სანქციების მე-7 პაკეტი მზადდება და ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით. 

რაც ნამდვილად პრობლემურია, ეს სანქციებში ენერგორესურსების ჩართვაა, რადგან, ამ შემთხვევაში ირღვევა წესი - სანქციები უფრო დიდ გავლენას მოახდენს დამწესებელ ქვეყნებზე და არა რუსეთზე". - თქვა ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ.

ჩეხეთი, რომელმაც 1-ელ ივლისს ევროკავშირის როტაციული 6-თვიანი თავმჯდომარეობა მიიღო, ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელიც რუსულ გაზზე თითქმის სრულად დამოკიდებულია. 

ფიალას თქმით, ჩეხები რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ყველაფერს აკეთებენ, "თუმცა, ეს ამ ზამთარში არ მოხდება".

ფიალამ ასევე აღნიშნა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს იმ სცენარისთვისაც, რომ Nord Stream 1-დან გაზის ნაკადები არ განახლდეს. მათ უნდა მოიძიონ ალტერნატიული წყაროები, როგორიცაა LNG.

11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდება შეწყვიტაგაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

Nord Stream AG-ს ცნობით, სამუშაოები 10 დღით გაგრძელდება და მიწოდება 21 ივლისს აღდგება, თუმცა დასავლეთში არსებობს ეჭვები, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა გააჭიანუროს. გასულ წლებში მსგავს ყოველწლიურ სამუშაოებს 10-12 დღე სჭირდებოდა და გაზის მიწოდება ყოველ ჯერზე დათქმულ დროს აღდგა.

კომენტარები