რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს კონგრესის წევრი ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელ ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელი, ვიქტორია სპარცი (კულგეიკო), რომელიც წარმოშობით უკრაინელია, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურს, ანდრიი ერმაკს საკუთარ განცხადებაში გადადგომისკენ მოუწოდებს.

აქამდე, 9 ივლისის განცხადებაში სპარცმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ერმაკის "საკითხის მოგვარებისკენ" მოუწოდა.

სპარცმა ბოლო განცხადებაში ახსენა, რომ სამხედროების მთელი ქვეყნის მასშტაბით დახმარების ძალისხმევის ნაცვლად, კიევი, ერმაკის მეთაურობით, "პოლიტიკას თამაშობს".

სპარცი ერმაკზე წერს, რომ ის ჯერ კიდევ ზამთარში უნდა გადამდგარიყო, რადგან უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, თითქოს რუსეთიდან თავდასხმა არ იქნებოდა. აშშ-ს კონგრესმენი ერმაკს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ, იმ შეშფოთებების მოგვარების ნაცვლად, რომლებიც გასულ კვირას წამოვჭერი, ბატონმა ერმაკმა ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო. ბევრ ამერიკელსა და ევროპელს ჰქონდა სერიოზული შეშფოთებები ბატონ ერმაკთან რაღაც დროის განმავლობაში. ერმაკი სახელმწიფო მოღვაწე რომ იყოს, ის ზამთარში გადადგებოდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელმძღვანელობას არწმუნებდა, რომ რუსეთიდან თავდასხმა არ იქნებოდა, რამაც უკრაინის მზადყოფნა შეამცირა. თუმცა, არასდროსაა სწორი საქმის გაკეთება გვიანი". – წერს სპარცი.

როგორც სპარცი საკუთარ განცხადებაში წერს, მის მიერ ამ საკითხის წამოყენებაში პოლიტიკური სარგებელი არაა და ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი შეშფოთების გამო აკეთებს.

"მას შემდეგ, რაც ჩემი შეშფოთებები გამოვხატე, ბატონი ერმაკის მარიონეტებმა დამაბრალეს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური სარგებლისთვის წამოვჭერი. ასეთ ბრალდებას გააკეთებენ მხოლოდ ისინი, ვისაც ამერიკის არჩევნების პოლიტიკა არ ესმით. ამაში პოლიტიკური სარგებელი არაა, მაგრამ ეს არის სწორი საქციელი. მას შემდეგ, რაც რაღაც დროის განმავლობაში ამ საკითხის შიდა გადაჭრას ვცდილობდი, მნიშვნელოვანი შეშფოთების გამო საჯაროდ წამოვაყენე". – წერს სპარცი.

სპარცმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ შეაფერხებს. მისი აზრით, სწორედ არსებული პრობლემა არის შეიარაღებით დახმარების შემაფერხებელი ფაქტორი და მისი გადაჭრა პროცესს დააჩქარებს. 

9 ივლისის განცხადებაში სპარცმა ერმაკის წინააღმდეგ 6 მძიმე ბრალდება წამოაყენა, რომელთა მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს და კორუფციასთან ბრძოლას აფერხებს:

  • ბელარუსისთვისა და რაც მთავარია, რუსეთისთვის ინფორმაციის გაჟონვა უკრაინის მიერ ვაგნერის ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით, რამაც მის (ოპერაციის) წარუმატებლობამდე მიგვიყვანა;
  • ომამდე რუსეთთან წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებების ცუდი მართვა;
  • უკრაინის ხელისუფლების დარწმუნება, რომ ამ თებერვალში რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ იქნებოდა, დასავლური დაზვერვის საწინააღმდეგოდ, რათა უკრაინისთვის ომისთვის კარგად მომზადებაში ხელი შეშლოდა;
  • საბოტაჟი ხერსონში და მისი რუსეთისთვის გადაცემა, რათა "აზოვის" ბატალიონის ტრაგედია მოწყობილიყო;
  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით სასწრაფოდ საჭირო სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის შენელება და უსაფუძვლო, მეტიც, უკანონო მოთხოვნების წაყენება;
  • დეპუტატი ოლეგ ტატაროვის მეშვეობით დამოუკიდებელი ანტიკორუფციის პროკურორის დანიშვნისგანზრახ გაჭიანურება.

სპარცი ერმაკისგან ამ ბრალდებებთან დაკავშირებით პასუხს ელოდა, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადებას ასევე განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო, რომელიც წერდა, რომ სპარცის სიტყვები აშშ-ს პოლიტიკაში "რუსული პროპაგანდის კლასიკური ნარატივის დაბრუნების მცდელობა" იყო. 

კომენტარები