დიდი ბრიტანეთი

ლიზ თრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძოლებს

Carl Court/Getty Images

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი "კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და, შესაბამისად, პრემიერმინისტრის პოსტზე, ბორის ჯონსონის ჩანაცვლებას შეეცდება. ინფორმაციას Daily Telegraph-ი ავრცელებს.

Daily Telegraph-თან ინტერვიუს დროს თრასმა აღნიშნა, რომ თანამდებობის პირველივე დღიდან შეამცირებდა გადასახადებს. მისივე თქმით, "დროა, დავუბრუნდეთ კონსერვატიულ ღირებულებებს".

"ჩემი ხელმძღვანელობით, მე დავიწყებდი გადასახადების შემცირებას პირველივე დღიდან, რათა სასწრაფო ზომები მივიღო, რათა დავეხმარო ხალხს ცხოვრების ხარჯებთან გამკლავებაში. 

არჩევნების დროს მე ვიბრძოლებ, როგორც კონსერვატორი და ვმართავ, როგორც კონსერვატორი". - თქვა თრასმა.


7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

5 ივლისს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობი დატოვეს, რადგან მათ პრემიერმინიტრ ბორის ჯონსონთან თანამშრომლობა არ სურთ. გადადგა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კიდევ რამდენიმე შედარებით დაბალი რანგის მაღალჩინოსანიც. 

ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრად ნადიმ ზაჰავი დანიშნა, ჯანდაცვის მინისტრად კი - სტივ ბარკლაი. თუმცა, The Guardian-ის ცნობით, ვითარება მაინც დაძაბულია, რადგან, სხვადასხვა ინფორმაციით, ნადიმ ზაჰავის სურს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თანამდებობის დაკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადგომით იმუქრება.

"...საზოგადოება ხელისუფლებისგან სწორ, კომპეტენტურ და სერიოზულ მოქცევას სამართლიანად ელის. ვაცნობიერებ, რომ ეს, შესაძლოა, ჩემი ბოლო სამუშაო იყოს მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა, მწამს, რომ ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს და ამიტომ ვტოვებ თანამდებობას". – წერდა რიში სუნაკი წერილში, რომლითაც მან ბორის ჯონსონს მიმართა.

"მე, ბუნებრივად, ჯგუფური მოთამაშე ვარ, თუმცა ბრიტანელი ხალხი ასევე სამართლიანად ელის მათი ხელისუფლებისგან პატიოსნებას". – წერია საჯიდ ჯავიდის წერილში. 

საჯიდ ჯავიდი წერილში ასევე წერდა, რომ სიტუაცია ბორის ჯონსონის მმართველობის ქვეშ არ შეიცვლება და შესაბამისად, მან მის მიმართ ნდობა დაკარგა. 

ჯავიდისა და სუნაკის გადადგომას ათეულობით მინისტრისა და მაღალი თანამდებობის გადადგომა მოჰყვა.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ბორის ჯონსონი პოლიტიკური კრიზისის პირისპირ დგას. გასულ თვეში ბრიტანეთის პარლამენტმა განიხილა ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა. ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ჯონსონი შესაძლოა კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობის პირისპირ.

ბორის ჯონსონის უნდობლობის საკითხის პარლამენტში დაყენება ე.წ. ფართიგეითის სკანდალს მოჰყვა, რომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.

კომენტარები