თავდასხმა შინძო აბეზე

კიშიდა: შინძო აბე მძიმე მდგომარეობაშია

ფუმიო კიშიდა

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, ყოფილი პრემიერი, შინძო აბე, რომელსაც 8 ივლისს წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხნენ, "მძიმე მდგომარეობაშია". 

კიშიდამ შინძო აბეზე თავდასხმა დაგმო და მისი გამოჯანმრთელების იმედი გამოთქვა. პრემიერი კიშიდას თქმით, მინისტრთა კაბინეტი შეხვედრას გამართავს და გადაწყვეტს მთავრობის პასუხს ინციდენტზე.

კიშიდას თქმით, თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრსა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გავლენიან წევრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. შემთხვევის ადგილზე გასროლის ხმა ორჯერ გაისმა. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 41 წლის იამაგამი ტეცუია ადგილზე დააკავა და იარაღი ჩამოართვა.

შინძო აბე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აბემ პრემიერის თანამდებობა 2020 წელს დატოვა, როგორც ამბობდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა ის იაპონიის მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში კვლავ გავლენიან პირად რჩებოდა. შინძო აბეს პრემიერობის ვადა იაპონიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.

კომენტარები