რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ოლესია ვოროტნიუკი – უკრაინელი ბალერინა, რომელიც სამშობლოს იარაღით ხელში იცავს

Befunky

30 წლის ოლესია ვოროტნიუკი უკრაინის ეროვნული ოპერის საბალეტო დასის წევრია, რომელიც ტერიტორიულ თავდაცვაში მოხალისედ ჩაეწერა.

ვოროტნიუკის ქმარი 3 წლის წინ დონბასში დაიღუპა. ახალი ომის დაწყების შემდეგ ბალერინამ ოკუპანტებთან იარაღით ხელში ბრძოლა გადაწყვიტა.

"სროლა ვიცი, ჩემი ჰობია. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ქვეყანას არ დავტოვებ და ვიომებ". – ამბობს ვოროტნიუკი.

პირველივე დღეებში ვოროტნიუკი კიევში ერთ-ერთ ბლოკპოსტს იცავდა. იმ პერიოდში დედაქალაქში ქაოსი სუფევდა, მტერი შეიძლებოდა ნებისმიერ დროს შემოჭრილიყო, ყოფილი ბალერინა არაერთ ადამიანს ევაკუაციაში დაეხმარა.

"ყრუ ბილიკები გამოვიყენე, რათა ხალხი ქალაქიდან გამეყვანა, ძირითადად ჩემი მეგობრები, ბავშვიანი დედები იყვნენ". – იხსენებს ვოროტნიუკი.

ოლესია ვოროტნიუკი ადრეული ასაკიდან ტანვარჯიშით იყო დაკავებული. 2009 წლიდან არის პროფესიონალი მოცეკვავე. დამთავრებული აქვს კიევის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ბოლო პერიოდში მუშაობდა უკრაინის ეროვნული ოპერის დასში. ომის დაწყების შემდეგ დასი აღარ დგამს რუსულ ბალეტს, გადაწყვეტილება ვოროტნიუკმა ასე შეაფასა:

"გედების ტბა აქ აღარ იქნება. დასავლეთში რუსული კულტურის აკრძალვაზე ჯერ კიდევ კამათობენ. მარიუპოლში ოკუპირებულმა ადამიანებმა რუსებისგან ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი თქვეს და შიმშილი არჩიეს, უსამართლობაა, ამ გმირობის ფონზე რუსული ბალეტის ცეკვა. ყველამ ვნახეთ რუსული კულტურა ბუჩასა და ირპენში".  

 

კომენტარები