რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა თურქეთისგან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის დაკავებას ითხოვს – Reuters

REUTERS/Valentyn Ogirenko

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინა მოითხოვს, თურქეთმა დააკავოს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკიდან გადაჰქონდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ბერდიანსკში გემზე დაიტვირთა უკრაინის კუთვნილი დაახლოებით 4,500 ტონა მარცვლეული.

თურქეთის იუსტიციის სამინისტროსთვის 30 ივნისით დათარიღებულ წერილში უკრაინის გენერალური პროკურატურა წერს, რომ გემი მონაწილეობდა “უკრაინული მარცვლეულის უკანონო ექსპორტში”.

“ჩაატარეთ საზღვაო ხომალდის ინსპექტირება, ამოიღეთ მარცვლეულის ნიმუშები სასამართლო ექსპერტიზისთვის, მოითხოვეთ ინფორმაცია მარცვლეულის ადგილმდებარეობის შესახებ, უკრაინა მზადაა, თურქეთთან ერთად ერთობლივი გამოძიება ჩაატაროს". -  მიმართავს უკრაინის გენერალური პროკურატურა თურქეთს.

მარცვლეულით ქურდობა უკრაინაში წლევანდელ მოსავალს უქმნის საფრთხეს მაშინ, როდესაც უკრაინა ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა მსოფლიოში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად, ერთი ტონა მარცვლეულის ღირებულება ბაზარზე დაახლოებით $400-ია. 

ასევე, უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის პორტში, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ, ომის დაწყების შემდეგ გემი პირველად შევიდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გემს ლითონით დატვირთვის შემდეგ აღმოსავლეთ რუსეთში გაგზავნიან. 

უკრაინის უმსხვილესმა ფოლადის მწარმოებელმა, Metinvest-მა კრემლი მეკობრეობაში დაადანაშაულა და შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ რუსეთმა მარიუპოლში ჩაძირული რამდენიმე გემი მეტალურგიის მოპარვისა და კონტრაბანდისთვის შეიძლება გამოიყენოს. 

კომენტარები