რეფერენდუმი შოტლანდიაში

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების თარიღი დაასახელა

ნიკოლა სტარჯონი

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯონმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების თარიღი დაასახელა. მისი განცხადებით, ქვეყნის დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის შესახებ რიგით მეორე რეფერენდუმი 2023 წლის 19 ოქტომბერ გაიმართება.

"დროა, შოტლანდია სწორ გზაზე დავაბრუნოთ. გზაზე, რომელიც აქ მცხოვრებლებმა აირჩიეს. ახლა დამოუკიდებლობის დროა. დამოუკიდებლობა მოგვცემს შესაძლებლობას, ვიაროთ ჩვენი გზით, ავაშენოთ უფრო მდიდარი, უფრო მწვანე, უფრო სამართლიანი სახელმწიფო, ვიყოთ ღია და საერთაშორისო". - თქვა სტრაჯონმა.

ამასთან, სტრაჯონმა აღნიშნა, რომ მან ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს უკვე გაუგზავნა რეფერენდუმის ჩატარების ნებართვაზე ფორმალური თხოვნა. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობიდან უარის შემთხვევაში საკუთარი გეგმის მიხედვით, ზეწოლას განაგრძობს.

ბრიტანეთის მთავრობაში კი აღნიშნავენ, რომ პირველი მინისტრის განაცხადს ყურადღებით შეისწავლიან, თუმცა, მათი პოზიცია არ შეცვლილა და თვლიან ახალი რეფერენდუმისთვის "ახლა შესაფერისი დრო არ არის".

"ჩვენ შევისწავლით და შესაბამისად ვუპასუხებთ. ვფიქრობ რომ ახლა ქვეყნის ფოკუსი უფრო ძლიერი ეკონომიკის აშენებისკენ უნდა იყოს მიმართული და სწორედ ეს არის, რასაც ვაკეთებთ. მე ცალსახად ვფიქრობ, რომ ერთად ჩვენ უფრო ძლიერი ეკონომიკა და მძლავრი სახელმწიფო გვექნება". - თქვა ბორის ჯონსონმა.

პარალელურად, სტარჯონმა შოტლანდიის მთავარ იურისტს, ლორდ ადვოკატს თხოვნით მიმართა, დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად პეტიცია შეიტანოს.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი 2014 წელსაც ჩატარდა. იმ დროს, მოსახლეობის 55%-მა დიდი ბრიტანეთში დარჩენას დაუჭირა მხარი.

კომენტარები