მიხეილ სააკაშვილი

PACE-ს დეპუტატები სააკაშვილზე: შეშფოთებული ვართ – ლოგიკურია ევროპულ კლინიკაში მკურნალობა

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 20 დეპუტატი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ლოგიკურია სააკაშვილის მკურნალობა ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში გაგრძელდეს, ხოლო მთავრობას ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის დასტაბილურებისთვის ყველაფრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

"შეშფოთებული ვართ, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველების რეკომენდაციები. მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა სტრესისგან თავისუფალი მკურნალობისთვის. აღნიშნულის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს სააკაშვილის ჯანმრთელობის დასტაბილურებისთვის. გარდა ამისა, ლოგიკურია ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობა, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება. უპირველეს ყოვლისა, ეს ჰუმანიტარული საკითხია. ჩვენ ასევე გვაშფოთებს ქართული დემოკრატიის სტაბილურობა და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შეთანხმების პროცესი. თუ სააკაშვილი მძიმედ დაავადდება ან მისი დაპატიმრების გამო დაიღუპება, შესაძლოა, ეს ამ პროცესს დაემუქროს". – ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადებას ხელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა პარტიის დეპუტატები აწერენ. დოკუმენტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ალექსანდრ პოსიეია. ხელმომწერებს შორის არიან დეპუტატები სოციალ-დემოკრატიული და მწვანეთა ჯგუფიდან, ALDE-დან, და EPP-დან.

კომენტარები