რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პესკოვი: არ არსებობს საფუძველი, რომ არსებული ვითარება დეფოლტი იყოს

პესკოვი და პუტინი

კრემლში დეფოლტს უარყოფენ. დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "ბრალდებები" რუსეთის  საგარეო ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ არამართლზომიერია, ვინაიდან შესაბამისი გადახდა უცხოურ ვალუტაში მიმდინარე წლის მაისში მოხდა. 

"ამ საქმეში დეფოლტის ეს ბრალდებები აბსოლუტურად არამართლზომიერია, რადგან ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა აუცილებელი გადახდა უცხოურ ვალუტაში და ის ფაქტი, რომ Euroclear-მა დააკავა ეს თანხა, არ მოუტანა იგი მიმღებს, აღარ არის ჩვენი პრობლემა".- ამბობს კრემლის პრესსპიკერი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ "არ არსებობს საფუძველი, რომ არსებული ვითარება დეფოლტი იყოს". პესკოვის თქმით, კრემლი არ ეთანხმება მომხდარის ამ ინტერპრეტაციას. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, 1918 წლის შემდეგ რუსეთმა საგარეო ვალზე პირველი დეფოლტი განიცადა, რადგან სანქციების გავლენით, რუსეთი უცხოელ კრედიტორებს ვალს ვეღარ უხდიდა. 

რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების $100 მილიონის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდის ბოლო ვადა 26 ივნისს საღამოს ამოეწურა

დეფოლტი აღებული ვალების ვერ, ან არდაბრუნებას ნიშნავს. როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა და კაპიტალი შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს.

დეფოლტი მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ, ფინანსურ და პოლიტიკურ იზოლირებას განიცდის. ცენტრალური ბანკის საგარეო რეზერვები გაყინულია და უმსხვილესი ბანკები კი გლობალური ფინანსური სისტემებიდან მოწყვეტილი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას, დეფოლტი სიმბოლურია, რადგან ქვეყანა ორნიშნა ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნას ებრძვის. 

"დეფოლტის გამოცხადება სიმბოლური მოვლენაა, რადგან რუსეთის მთავრობამ დოლარში დენომინირებული ვალის გაცემის შესაძლებლობა უკვე დაკარგა. რუსეთს საგარეო ვალის აღება აღარ შეუძლია". - თქვა იაპონელმა ეკონომისტმა, ტაკაჰიდე კიუჩიმ. 

გასულ კვირას, რუსეთის ცნობით, ქვეყანამ გადასახადი რუბლში გადარიცხა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ობლიგაციები გადახდის ამ ფორმას არ ითვალისწინებს - ხელშეკრულების მიხედვით, ტრანზაქციები აუცილებლად დოლარის ვალუტაში უნდა განხორციელდეს.

დეფოლტს ფორმალურად, როგორც წესი, გლობალური სარეიტინგო ორგანიზაციები აცხადებენ, თუმცა სანქციების გამო მათ რუსეთთან ურთიერთობა ეკრძალებათ. ობლიგაციების დოკუმენტების მიხედვით, თუ ვადაგადაცილებული ობლიგაციების 25%-ის მფლობელები შეთანხმდება, რომ დეფოლტი მოხდა, მაშინ ეს ოფიციალურად გამოცხადდება.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა ვითარებას "ფარსი" უწოდა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთისთვის "დეფოლტის იარლიყის" მიწებებაა.

კომენტარები