რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

როსტოვის ოლქში, სავარაუდოდ, დრონის თავდასხმის გამო ნავთობის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამამუშავებელ ქარხანაში

რუსეთში, როსტოვის ოლქში ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ გამოიწვია.

სხვადასხვა ტელეგრამ არხებსა და მედიაში გავრცელებულია კადრები, რომლებშიც ჩანს მცირე ზომის, სავარაუდოდ, უკრაინული დრონის იერიში, თუმცა ფაქტი ჯერჯერობით დადასტურებული არაა. ინფორმაციას უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შესახებ ადასტურებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია, თუმცა, ჯერჯერობით, უკრაინული მხარე არ ადასტურებს. 

როგორც ქარხნის წარმომადგენლებმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ РИА Новости-სთან თქვეს, იერიში მიიტანა ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომლებიც, მათი ინფორმაციით, რუსეთის დასავლეთ საზღვრის მიმართულებიდან მოფრინავდნენ.

ამჟამად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევას დაზარალებულები არ მოჰყოლია.

აქამდე, 2022 წლის აპრილში რუსულმა მხარემ უკრაინა ბელგოროდის ოლქში როსნეფტის ნავთობის საცავზე იერიშის მიტანასა და ხანძრის გაჩენაში დაადანაშაულა.

კომენტარები