უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გავრცელებულ მიმართვაში 24 ივნისს გასამართ ევროპული საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.
ზელენსკის თქმით, აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებით უკრაინა ყოველდღიურად ზრდის მხარდამჭერთა რიცხვს, რაც თავისთავად ზრდის უკრაინის მიმართ კანდიდატობის მინიჭების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსებს.
"დღეს იყო უაღრესად აქტიური საგარეო პოლიტიკის დღე. სატელეფონო საუბრების თითქმის მთელი მარათონი. ჩვენ ვზრდით მათ რიცხვს, ვინც მხარს უჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რითიც ვზრდით თავჯადერებას, რომ პარასკევს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული". – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხის პარალელურად, ის და მისი გუნდი ცდილობენ პარტნიორებისგან დამატებით ახალი იარაღი მიიღონ.
"როგორც ჩვენ აქტიურად ვიბრძვით, რომ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხი მივიღოთ, ზუსტად ასევე, ყოველდღე ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ახალი იარაღით მომარაგებისთვის. აქტივობებს ერთი დღითაც არ ვანელებთ. ათასობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზე, უკრაინის დასახმარებლად მათი გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის სისწრაფეზე". – თქვა ზელენსკიმ.
23-24 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. სამიტზე ქვეყნების ოფიციალურად მიწვევის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ დროა, ბლოკის ქვეყნებმა აღიარონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა ახსენა.
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები წააყენა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.





