თამარ ჩერგოლეიშვილი

გავრილოვის ღამე დეოლიგარქიზაციის დაწყების დღედ უნდა ვაქციოთ

თამარ ჩერგოლეიშვილი

გავრილოვის ღამე დეოლიგარქიზაციის დაწყების დღედ უნდა ვაქციოთ

ოლიგარქია - პოლიტიკური სისტემა სადაც ძალაუფლების წყარო არის ერთი, ან რამდენიმე მდიდარი ადამიანი და არა ხალხი.

დეოლიგარქიზაცია - ოლიგარქისთვის (ან ოლიგარქებისთვის) ჩამორთმეული ძალაუფლების დაბრუნება მოქალაქეებისთვის.

დღეს ძალაუფლების წყარო არის ერთი ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი (ვისაც არ უნდა ჰქონდეს იგივე მისწრაფება, დღეს სხვა ოლიგარქი არ არსებობს).

ივანიშვილის იძულება ძალაუფლება დათმოს, არჩევნები ჩატარდეს და ქვეყნის მართვა დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ გადაიბაროს, შეიძლება, მოხდეს მხოლოდ ხალხის გააქტიურებით - სხვანაირად ეს ვერ მოხდება.

დღეს ხალხი პოლიტიკური პროცესიდან გაუცხოებულია და პროტესტში აქტიურად არ მონაწილეობს. ხალხის ჩართულობის გაზრდის გარეშე დეოლიგარქიზაცია წარმოუდგენელია და ვრისკავთ რუსული გავლენის ჭაობში დიდხანს ჩარჩენას.

მცდარია აზრი, რომ მხოლოდ დასავლეთის წნეხი აღმოჩნდება საკმარისი. დასავლეთის პოზიცია, რომ ივანიშვილის რეჟიმი და ევროპული საქართველი შეუთავსებელია, უკვე წნეხია და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მაგრამ ამაზე შორსაც რომ წავიდეს და ივანიშვილის რეჟიმის მოჯამაგირეებს სანქციები დააკისროს, დაგვეხმარება, მაგრამ ვერ გვიშველის. ვერ მოვახდენთ დასავლური სანქციების კაპიტალიზაციას, თუ ხალხი ინერტული და გატეხილია (ბელორუსია ამის მაგალითია). ამიტომ, ფოკუსი ხალხის გააქტიურებაზე უნდა გვქონდეს.

ხალხის გააქტიურების ერთ-ერთი დაბრკოლება სიმულაციური პროცესია. ჩანს ნიშნები, რომ ხელისუფლება მისი პროდასავლელი ამომრჩევლის დამშვიდების მიზნით, პროცესის შექმნას შეეცდება.

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ამის ნიშანია.

მაღალია შანსი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ასეთ სიმულაციურ პროცესში მონაწილეობას დასთანხმდეს, რაც ხალხს დააბნევს. ევროკომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სიცხადე გაიფანტება, შეიქმნება ახალი უნაყოფო მოლოდინი მორიგი იმედგაცრუებისთვის და ხალხის კონსოლიდაცია კიდევ უფრო გართულდება.

სამწუხაროდ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის და სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცის იმედი ვერ გვექნება.

მაგრამ დაბრკოლებების მიუხედავად, ამოცანა არ იცვლება. იმისთვის, რომ რეჟიმი წნეხის ქვეშ მოვაქციოთ და დათმობებზე წამოვიყვანოთ, ჩვენ გვჭირდება რადიკალურად მშვიდობიანი პროტესტის იდეით ავანთოთ 50-100 ათასი მოქალაქე, რომელიც მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე თვე გაატაროს ქუჩაში, როგორც ეს მაიდანზე მოხდა, როდესაც უკრაინელებმა თავიანთი ევროპული არჩევანი დაიცვეს.

ევროპული საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სწორედ ამ საკითხის გადაჭრაში ინვესტიციას აპირებს.

ამ რაოდენობის ხალხის გალვანიზაცია აუცილებლად დაძრავს ცვლილებების პროცესს და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ პროცესის დემოკრატიულად წარმართვა (და აქ განსაკუთრებულად გაიზრდება დასავლეთის როლი), რომ შემდეგი ძალაუფლების ბედი დემოკრატიულ არჩევნებში გადაწყდეს და ოლიგარქია ოლიგარქიამ არ ჩაანაცვლოს.

ადამიანების ჩართულობის გაზრდას ხელს უშლის დეპრესიული და უიმედო განწყობა და მოსახლეობის გაუცხოება პოლიტიკური პროცესიდან.

ვერ მოხდება მოქალაქეების პოლიტიკურად გააქტიურება, თუ მათ პოლიტიკური პროცესისადმი ნდობა არ დაუბრუნდათ და რაც უფრო მთავარია, საკუთარ ძალებში, საკუთარ სიმართლეში არ ირწმუნეს და ამას გარდა, კარგად არ აღიქვეს ის საფრთხე, რაც ევროპული პერსპექტივის გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება.

ამ რეალობის გათვალისწინებით დავგეგმეთ კამპანიის პირველი ფაზა, რაც მთელი ქვეყნის მოვლას გულისხმობს ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში.

ჩვენი (ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, აფხაზთა კრების, ამომრჩეველთა საზოგადოების) მიზანია, რომ ჩვენ გარშემო იყოს 40-50 ათასი ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოლებს ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად და საქართველოს შინ, ევროპაში მისასვლელად - ამაზე ვიმუშავებთ მთელი ზაფხული.

გავრილოვის ღამე დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყების დღედ უნდა ვაქციოთ!

__________________________________________

მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის არღარა ბნელია!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

Long Live Free Georgia

კომენტარები